გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ გაფართოებული ფორმატის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს და მომავალშიც ასე იქნება.
მერკელმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამას თბილისში მისი ვიზიტიც ხელს შეუწყობს.
„რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასევე არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება… ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვილება-გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს. მე კიდევ უფრო გაღრმავებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობებისა“, – განაცხადა მერკელმა.