მთვრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს პირისპირ ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში გერმანიის კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და გერმანიის ჰიმნები.
აღსანიშნავია, რომ ბახტაძისა და მერკელის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეები აუდიენციას უკვე გაფართოებულ ფორმატში გამართავენ, მისი დასრულების შემდეგ კი საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.