როგორც არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა, მისმა შვილმა მსოფლიოს დაანახა პუტინისა და რუსეთის ნამდვილი სახე. “ჩვენთვის ომი არ დასრულებულა” – თქვა მან.
“მოლოდინიც გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს ეს სარჩელი. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ის პირები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს და აწამეს ჩემი შვილი. აჩიკო სხვანაირად არ მოიქცეოდა. ისეთი პიროვნება იყო, რომ, რაც მათ უნდოდათ, იმას არ გააკეთებდა და არ აღიარებდა. მან თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა მისი და ქვეყნის ღირსება. ეს დაამტკიცეს ექსპერტებმაც. ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაიარად არ შეიძლება. მან მსოფლიოს დაანახა პუტინის და რუსეთის სახე. ომი ვითომ დამთავრდა, მაგრამ ჩვენთვის ომი არ დასრულებულა“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.
შეგახსენებთ, ცენტრი „ემპათია“ ევროსასამართლოში გზავნის საჩივარს „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელშიც მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილია. დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა.