აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკას მტრები მოკავშირეებზე უკეთ ექცევიან.
„ჩვენი მტრები უკეთ გვექცევიან, ვიდრე მოკავშირეები. ჩინეთთან და სხვებთან ჩვენ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ვართ“, – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიდი სავაჭრო დეფიციტის შესახებ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან ვაჭრობაში არსებული დეფიციტი ტრამპის მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. მიმდინარე წლის 15 ივნისს მან ჩინეთი ამერიკული ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების ქურდობაში დაადანაშაულა და ჩინეთიდან ამერიკაში იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა. ჩინეთმა ამ ნაბიჯს სარკისებური ზომების მიღებით უპასუხა.