სამართალდამცველებმა, სამეგრელოში ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული იმ კარავში შეღწევას ცდილობდა, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ. დახმარების თხოვნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თავად ტურისტებმა დარეკეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.