ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული გ.ჯ.-ს ადვოკატის, ეკა მაჭარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაადასტურდა, რომ მიხეილ კალანდიასთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა ხორავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.
როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გ.ჯ-მ დღეს სასამართლოს ჩვენება მოწმის სახით მისცა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დაიკითხა მოწმის სახით. მან საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში დატოვა მან ხორავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ვისთან ერთად დატოვა, შემდეგ სად გადაინაცვლეს და როგორ განვითარდა მოვლენები და საბოლოოდ, როგორ გადასცეს ის სამართლადამცავ ორგანოებს. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა იყო კალანდიების მისამართით, სწორედ მიხეილ კალანდიასთან ერთად დატოვა მან ხორავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და ამაზე იყო ბევრი კითხვა. ასევე, მან ისაუბრა იმაზე, რომ მას მანქანით მიაკითხეს პირებმა,თუმცა კონკრეტულად ვინ იჯდა საჭესთან, გვერდით ვინ იჯდა, მათი სახეების იდენტიფიცირება ვერ მოახერხა მიტომ, რომ მომხდარიდან გამომდინარე აღელვებული იყო. შესაბამისად დეტალურად ამ პირების ამოცნობა ვერ შეძლო, თუმცა ნამდვილად დაადასტურა ის, რომ მანქანით გადადგილდებოდნენ ხორავას ქუჩიდან, როდესაც მოაკითხა მიხეილ კალანდიას მამამ“, – განაცხადა ადვოკატმა.