“ქრონიკა პლუსის” მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იქ პანკისის ხეობის მხარდასაჭერად ჩამივიდა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან პროვოკაცია იგეგმება პანკისის ხეობაში.
„ვრცელდება ინფორმაცია, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით და ინფორმირებულობით, რომ პანკისის ხეობა არის ტერორისტების ბუდე, აქ არის ტერორისტების ბაზები, რომ პანკისის ხეობაში საშიში ხალხი ცხოვრობს,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.
კილაძის თქმით, სუს-ი ავრცელებს ჭორებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირის შესახებ. კილაძის თქმით, სუს-ის სცენარია ის ვიდეომუქარაც, რომელიც გავრცელდა და სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებიც იყო.
„ეს იყო ერთი სცენარი, ჩვენი დაკავება მიუნხენის აეროპორტში, შემდეგ ტერორიზმში ბრალდებული პირის დაკავება ორშაბათს დილით ადრე, მალხაზ ტოხოსაშვილი მყავს მხედველობაში და არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მას მიაცემინონ ჩვენება მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და ასევე, ამ სცენარის ფინალური აკორდი იყო ის სულელური, ძალიან მდაბიო ხარისხის ვიდეო, რომელიც გავრცელდა რაღაც დახურული ჯგუფების მეშვეობით, თითქოსდა, ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ტერორისტული აქტებით ემუქრებიან საქართველოს. ეს ასე არ არის, პანკისის ხეობა არის საქართველო, ჩვენ ვიქნებით მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ბოლომდე და მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმებით შევეცდებით, რომ სიმართლე ქვეყნის გარეთ გავიტანოთ,’ – განაცხადა ელისო კილაძემ.
მან ევროპელ უფლებადამცველებს მიმართა და საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა მასალას ადგილზე გააცნობენ, მათ შორის, დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეს.
კილაძის თქმით, ევროკავშირის ელჩთანაც იგეგმება შეხვედრა სტრასბურგში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ.
ელისო კილაძე შვილმოკლულ მშობლებთან, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სტრასბუგში 5 აგვისტოს უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, მათ გაარკვიეს, რომ საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა ინფორმაცია, რომ მათ შორის იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც.