რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შემდგარი სუვერენული სახელმწიფოები უწოდა.
„მოგვიანებით ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანეს სამხრეთი ნაწილის ზოგიერთმა ქვეყანამ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. მიმდინარე წლის 29 მაისს ეს სირიამაც გააკეთა. დღეს თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც შემდგარი სუვერენული სახელმწიფოები არიან“, – განაცხადა კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისა და საქართველოს წარმომადგენლების პერიოდული პირდაპირი კონტაქტების საშუალებით მხარეები სწრაფად აგვარებენ სადავო საკითხებს, გახსნილად, ხანდახან ემოციურად ცვლიან აზრებს ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას, რათა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა სისტემატურად და გამართულად იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში კავკასიაში უსაფრთხოება იქნება, ხალხი კი ხვალინდელი დღის შესახებ მშვიდად ფიქრს შეძლებს“, – განაცხადა კარასინმა.