პარტიის ახალ ინიციატივას, “გირჩის” ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე
აანონსებს. პარტია ამჯერად განათლების სისტემის ნჯღრევას აპირებს. მათ უკვე მოფიქრებული აქვთ რამდენიმე იდეა, რომლის განხორციელებსაც სასკოლო განათლებაში აპირებენ. კერძოდ, კი მათი ეს იდეები კერძო სკოლებს შეეხება. შესაძლოა მათ თავად გააკეთონ კერძო სკოლა, საიდანაც დაიწყებენ განათლების სისტემის რყევას. ამ იდეაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ არიან. ინფოემაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, პარტიის სურვილია განათლების სისტემის ნჯღრევა.
“ახლა ამ წუთას, რაზეც ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ განათლების სისტემაა. გვინდა, რომ განათლების სისტემის ნჯღრევა დავიწყოთ. ისე, როგორც მანამდე ვანჯღრევდით ნარკოპოლიტიკაზე არსებულ სისტემას, ან სავალდებულო სამსახურზე.
ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გააკეთოს ისეთი სკოლა როგორიც მას სურს. მოქალაქეებს კი უნდა ჰქონდეთ ისეთი უფლება, რომ საკუთარი შვილები მიიყვანონ ისეთ სკოლაში, როგოორიც მათ სურთ. თუ ადამიანი აკეთებს სკოლას და თუ არსებობენ მშობლები, რომლებსაც საკუთარი შვილები მიჰყავთ ამ სკოლაში და ენდობიან მას, სახელმწიფოს საქმე არ არის, რომ ჩაერიოს ამ ადამიანების ურთიერთობაში. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო არ უნდა არეგულირებდეს ამ საკითხებს.
კერძო სკოლები დღესაც არსებობენ, მაგრამ სახელმწიფო იძახის როგორი უნდა იყოს სკოლა, რამდენი საათი უნდა იყოს გაწერილი, რა ასაკის ბავშვი უნდა შევიდეს, როგორ უნდა იჯდნენ კლასებში და ა. შ. ჩვენ ვიძახით, რომ ეს სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის. მე შემიძლია გავაკეთო განსხვავებული სკოლა და მათ შორის ავაწყო თანამედროვე მეთოდებით და ვიპოვო მშობლები, რომლებიც მზად არიან საკუთარი შვილები მოიყვანონ ამ სკოლაში.
მგონია, რომ ცენტრალიზებულ, ინფიცირებულ საშინელ მონსტრს, რომელსაც განათლების სისტემას ვეძახით, რაც სინამდვილეში ბავშვებისთვის ციხეა, ამას დავანგრევთ” – განაცხადა ჯაფარიძემ.