ხორავას საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა კომისიამ არასრულწლოვნები განმეორებით გამოკითხოს.
მისივე თქმით, არიან არასრულწლოვნები, რომლებიც კომისიამ იმის გამო ვერ გამოკითხა, რომ ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან.
“დღეს კომისია ფაქტობრივად დაამთავრებს მთლიანობაში არასრულწლოვნების გამოკითხვას. შესაძლებელია დაგვჭირდეს განმეორებით რომელიმე მათგანის გამოკითხვა, რადგან რამდენიმე მათგანი საქართველოში არ იმყოფება და მათი დაბრუნების შემდგომ შესაძლებელია შედგეს გამოკითხვა. ამ გამოკითხვებით მნიშვნელოვანწილად დასტურდება ის გარემოებები და ის ფაქტები, რომლის შესახებაც წინა გამოკითხვების დროს მივიღეთ ინფორმაციები. არის მათ შორის გარკვეული ფაქტები, რომლებზეც არასრულწლოვნები არ საუბრობენ, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამის შეფასება კომისიას მოუწევს თავის საბოლოო დასკვნაში, რომელზე მუშაობასაც უკვე უახლოეს დღეებში კომისია დაიწყებს.
კომისია ვალდებულია გამოკითხოს ყველა ის ფიგურანტი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ყველა არასრულწლოვანი, რომელიც იმყოფებოდა ჩხუბის ადგილას ან იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე და ჰქონდათ შეხება ჩხუბში მონაწილე ადამიანებთან, გამოვკითხოთ და მივიღოთ მათგან ინფორმაცია იმაზე რა მოხდა ხორავას 4 ნომერში. ამ ეტაპზე არასრულწლოვნების გამოკითხვა შეგვიძლია მთლიანობაში ჩავთვალოთ დამთავრებულად. შესაძლებელია დაგვჭირდეს რამდენიმე მათგანის განმეორებით გამოკითხვა, ან ის არასრულწლოვნები გამოვკითხოთ, რომელიც ახლა არ იმყოფებიან საქართველოში” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აბესაძის განმარტებით, არასრულწლოვნების გამოკითხვიდან გამომდინარე, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეულ გარემოებებთან მიმართებაში ინფორმაციები, თუმცა ისინი ამ ფაქტებს ვერ იხსენებენ.
“მთელი ამ გამოკითხვების განმავლობაში, არასრულწლოვნებზე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბევრ მათგანს შესაძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია მომხდარი გარემოებების შესახებ, თუმცა ისინი ვერ იხსენებენ ამ ფაქტებს, ერთი – იმის გამო, რომ ძალიან დიდი დროა გასული ამ გარემოებების შემდეგ და თავის დროზე ისინი პოლიციამ არ დაკითხა თანმიმდევრულად ან საერთოდ არ დაკითხა და მეორე – მათ არ სურთ ამ გარემოებებზე საუბარი”, – აღნიშნა აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს 51 სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა.