შრომის უსაფრთხოება უაზრო შემოწმებების მიზეზი არ უნდა გახდეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქობულიას თქმით, შრომის უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი საკითხი, რითაც ბიზნესი დაინტერესდა.
“შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, რომ ამ კანონის აღსრულება არ გახდეს ბიზნესებისთვის მძიმე ტვირთი. ჩვენ აბსოლუტური გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ეს არ გახდება კორუფციის წყარო და ბიზნესების შეწუხების ბერკეტი. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრები ვიქნებით. შრომის უსაფრთხოება არ უნდა გახდეს უაზრო შემოწმებების მიზეზი და ბერკეტი. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც ბიზნესმენებს აწუხებდათ”, – განაცხადა ქობულიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე უნდა იქნას მიღებული ოპტიმალური გადაწყვეტილება და სამინისტრო პარლამენტთან დისკუსიებს მართავს.
“ჩვენ ამ საკითხზე პარლამენტთან გვაქვს დისკუსია. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების პრობლემა მძიმე ინდუსტრიებში და ეს სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამიტომ უნდა მივიღოთ ზომები, რომ შევამციროთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევები, თუმცა ჩვენ არ უნდა გავავრცელოთ ეს ზომები იმ სექტორებისთვის, სადაც შემთხვევები პრაქტიკულად არ ხდება. არ უნდა შევაწუხოთ ის სექტორები, რომლებიც ამასთან არაფერ შუაში არ არიან”, – აღნიშნა ქობულიამ.