საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილის დამარცხების შანსები აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული და ეს მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეა .
მისი თქმით, ახლა ბრძოლა ორ დიდ მოთამაშეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან ერთად გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს, ხოლო სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და მათ კანდიდატებს „პატარებს“ უწოდებს.
„ყველამ კარგად იცის, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ივანიშვილსა და ჩვენს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შორის. ყველამ კარგად იცის, რომ სხვა კანდიდატებს, თუ სასწაული არ მოხდა, შანსი არ აქვთ. ჩვენი ამოცანა არ არის სხვებთან ბრძოლა – დიდი ყოველთვის თავს უნდა იკავებდეს პატარებთან ბრძოლაში. პატარები უფრო დაინტერესებულები არიან თავისი თავის უფრო აქტუალიზაციით, რომ უფრო ძლიერ კონკურენტთან მოახდინონ აქტუალიზაცია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, არ ფიქრობს, რომ მის ამ განცხადებას „ევროპული საქართველო“ მემორანდუმის დარღვევად შეაფასებს, სააკაშვილი პასუხობს, რომ ახლა დიპლომატიის დრო არ არის და რომ მას არავის აზრი აინტერესებს.
„მე ველაპარაკები ჩვენს ხალხს და არ მაინტერესებს, ვინ რას მონათლავს. ქვეყანა გვეცლება თვალწინ და რა დიპლომატიის და მიდებ-მოდების დროა ახლა?! საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.