ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეიდას მივყავდით სამათხოვროდ და გვცემდა”- 30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

დღეს, 30 ივლისს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ რუსთაველის გამზირზე კამპანია „უხილავნი ჩვენ შორის“ ფარგლებში ადამიანების სილუეტების ფორმის სტენდები განათავსა, რომელზეც ტრეფიკინგის მსხვერპლთა ისტორიები წერია.

„იმედი, გვაქვს, რომ ეს კამპანია მოსახლეობას დააინტერესებს, გაეცნობიან ისტორიებს და მიხვდებიან, რომ ტრეფიკინგი – ეს არის საფრთხე, რომელიც შეიძლება ყველას შეეხოს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების ამბები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც საქართველოში გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი და ასევე აქ არის უკრაინაში მცხოვრები ბავშვების ისტორიები“, – ამბობს„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენელი ანა გაგოშაძე. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ივანი, 6 წლის 

სკოლაში არ მივლია, მამაჩემმა მე და ჩემი და „დეიდასთან“ გაგვიშვა. მას მივყავდით სამათხოვროდ და გვცემდა. ხშირად თავში გვირტყამდა. ერთხელ ხელი ცხელ გზაქურაზე დამადებინა რომ ხალხს შევცოდებოდი და მეტი ფული მოეცათ. ერთ დღესაც დაგვტოვა და გაიქცა. ჩვენ ბავშვთა სახლში წამოგვიყვანეს.

სალომე, 24 წლის 

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა.მე და ჩემმა დამ მიმტანებად დავიწყეთ მუშაობა. ბარის მეპატრონემ გვითხრა, რომ მეტი თანხის გამომუშავების მიზნით შეგვეძლო ბარში შემოსული მამაკაცებითვის სექსუალური მომსახურებაც გაგვეწია. თავიდან უარზე ვიყავით, თუმცა ბოლოს დავთანხმდით.

პროსტიტუციაში ჩაბმის შემდეგ, მეპატრონის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. დაიწყო ჩვენთვის არარსებული ვალების დაწესება. კლიენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურად გვისწორდებოდა და დაუმორჩილებლობის დროს ჩვენი მცირეწლოვანი ძმების დახოცვით გვემუქრებოდა. ვერ გავდიოდით შენობიდან. გვეძინა იქვე, პატარა ოთახში. ხის საწოლზე გადაფარებულ დახეულ ნაჭერზე. არ იყო არც გათბობა და არც ფანჯარა. კლიენტებს თავად ბარის მეპატრონე ირჩევდა. ხოლო გამომუშავებულ თანხას მეპატრონე მთლიანად გვართმევდა.

ერთ დღესაც ოლიციელებმა დააკავეს ბარის მეპატრონე. აგვიხსნეს ჩვენი უფლებები და დახმარების მიზნით გადაგვიყვანეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში.

ოლენკა, 5 წლის 

ჩვენთან სახლში ყოველთვის ციოდა. მე და ჩემს დას საწოლის მაგივრად ძველ გადასაფარებელზე გვეძინა. დედა ფულის საშოვნელად წავიდა და მამინაცვალთან დაგვტოვა. მან მალე სხვა ქალი მოიყვანა და ქუჩაში სამათხოვროდ გაგვაგდეს. შეგროვილ ფულს მათ ვაძლევდით. ისინი კი სასმელს ყიდულობდნენ. მამინაცვალმა გაგვაფრთხილა, რომ თუ დედას რაიმეს ვეტყოდით, გვცემდა. თუმცა ისედაც სულ გვცემდნენ.

მერაბი, 51 წლის

აჭარის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. ქალაქში სხვადასხვა ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებ. ერთ დღეს თურქი მამაკაცი მოვიდა რამდენიმე ქართველთან ერთად და გვითხრა, რომ თურქეთში ტანსაცმლის ქარხანაში დასაქმების მიზნით ეძებდა მამაკაცებს. გვითხრა, რომ ხელფასი 500 დოლარიდან იწყებოდა და 10 კაცის წაყვანა შეეძლო. შევგროვდით 10 კაცი და მესამე დღეს მიკროავტობუსით გადაგვიყვანეს თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში. ქარხანას იცავდნენ შეიარაღებული თანამშრომლები. გასვლა არ შეიძლებოდა. პატარა ვაგონში უნდა გვეცხოვრა. საჭმელი დღეში ორჯერ მოჰქონდათ. მხოლოდ ბოსტნეული და პური. იყო წყლის პრობლემა. რამდენიმე ადამიანს ერთად გვეძინა გაუსაძლის პირობებში. ვმუშაობდით მტვირთავებად. გვითხრეს, რომ ხელფასს 2 თვის მერე გადაგვიხდიდნენ. ვითხოვდით თანხის გადახდას და წასვლას. თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გავიდა 3 თვე, თუმცა ხელფასები მაინც არ გადაგვიხადეს. დავუკავშირდით ერთ-ერთი ჩვენგანის ნათესავს, რომელიც თურქეთში მუშაობდა. მისი დახმარებით დავტოვეთ ქარხანა.

უმიდა, 29 წლის 

უზბეკეთში დედასთან და ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობდი. უმუშევარი ვიყავი და ჩემი ნაცნობი დამპირდა, რომ საქართველოში რესტორანში მაღალი ანაზღაურებით დამასაქმებდა მიმტანად. როცა ჩამოვედი საქართველოში მან წამართვა პასპორტი და ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. არასდროს მტოვებდა მარტო და მუქარით მაიძულებდა გამეწია სექსუალური მომსახურება კლიენტებისთვის. დაახლოებოთ 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ჩემი სექსუალური ექსპლუატაცია.

ერთ დღესაც შევძელი და გამოვიპარე. მხოლოდ მას შემდეგ გავბედე პოლიციასთან დაკავშირება, რაც გავიგე, რომ ჩემი ტრეფიკიორის წინააღმდეგ დაწყებული იყო გამოძიება. პოლიციამ გადამიყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში.

იტვირთბა....