ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბეიშვილი: “კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ ხალხს სამარშრუტო ტაქსში”

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ კულტურული ღონისძიებებისათვის 1 მილიონი ლარის გამოყოფა არამიზანშეწონილია.

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები პირველ საკითხად საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მან მოსთხოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაასაბუთოს, რატომ უნდა გაიზარდოს მერიის დაფინანსება, მათ შორის კულტურული მიმართულებით – ტაშ-ფანდურისა და კონცერტებისათვის.

„საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეთ, რომ იმისათვის, რომ თბილისელებს ზაფხულის პერიოდში კომფორტი შეუქმნათ, კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. ამ ზაფხულში ათიათასობით მოქალაქე, რომელიც სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდება, დაიხრჩო ეს ხალხი, კონდიციონერს არ ურთავთ მთელი ზაფხულია! აგვისტოს თვე მაინც უზრუნველყავით. ასე თუ ზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე, კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 916 მილიონ 863 ათასი ლარი იქნება.

იტვირთბა....