მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა გამოსავლენად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ხაიშის მკვიდრმა, ზურაბ ნიჟარაძემ ხაიშში არსებული ვითარება „ტვ პირველის” ეთერში აღწერა. მისი თქმით, მოსახლეობის შემოწმება დილით ადრე დაიწყო. ნიჟარაძე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელიც მას პირადად არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ავტომატი შუბლზე მიადო ადგილობრივს.
„ამას მღელვარება მოჰყვა. საბედნიეროდ, ის პოლიციელი გააპარეს, რომ არაფერი მომხდარიყო. ხაიშის ცენტრში გადაიკეტა გზა. შემოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმები. დაიწყეს ბრახუნი და მოსახლეობის შეშინება”, – ამბობს ნიჟარაძე.
მისივე თქმით, ქვემო სვანეთში მოსახლეობისთვის ხე-ტყის მოპოვება არსებობის ერთადერთი წყაროა. ის ამბობს, რომ ალტერნატიული შემოსავლის წყაროს შემთხვევაში ხე-ტყის მოპოვებაზე მუშაობა არავის სურს და სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, რომ ქვემო სვანეთში მოსახლეობას არსებობისთვის სხვა შესაძლებლობები გაუჩნდეს.
„მთავრობას გონიერება ვერ ეყო, რომ ხელების გადაგრეხვის ნაცვლად საკუთარ მოსახლეობას დალაპარაკებოდა. ჩვენი მოთხოვნაა – გავიდნენ და მივუჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდას .
გასული საუკუნეების 50-იანი წლებიდან ქვედა ზონის მოსახლეობა საბჭოთა ხელისუფლებამ ძალადობრივად გადაიყვანა ხე-ტყის მოპოვებაზე. თითოეულ მოსახლეს დაადეს ბეგარა. თუ ის არ მოჭრიდა, არ დაამუშავებდა და არ ჩააბარებდა ხე-ტყეს, იყო ჯარიმა და სანქციები. ამან შეავიწროვა სოფლის მეურნეობა და 90-იანებში საერთოდ გაჩანაგდა ყველაფერი. ხალხი ამით არის დაკავებული. აქ ხე-ტყის მოპოვება ცხოვრების საშუალებაა. ეს არსებობის საშუალებაა. ეს არ არის თვითმიზანი. სვანეთში არ გახორციელებულა არცერთი სასოფლო-სამეურნეო პროექტი, არც მიხეილ სააკაშვილის დროს და არც ახლა. განავითარონ სხვა საშუალებები და მოსახლეობა ძალაუნებურად მოშორდება ხე-ტყეს. იცით რამდენი ახალგაზრდა გვეღუპება ხე-ტყის მოპოვების დროს. რამდენი უბედურება ხდება”, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ზურაბ ნიჟარაძემ.