როდის დაიწყება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება და როდის გახდება ცნობილი, რომელი გამოცდის რომელი ვარიანტი იყო შედარებით რთული – აღნიშნულ კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე პასუხობს.
„ნაშრომების გასწორების პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ რიცხვებში დასრულდება, პირველ დეკადაში და ამის შემდგომ სააპელაციო პროცესი დაიწყება, ანუ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ ნახონ თავიანთი ნაშრომი, შეფასება, შეფასების სქემები, ერთმანეთს შეადარონ ნაშრომი და შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მათი ნაშრომი არ არის ჯეროვნად გასწორებული, შეუძლათ სააპელაციო განაცხადი შემოიტანონ“, – განაცხადა ივა მინდაძემ.
რაც შეეხება ვარიანტების სირთულე-სიმარტივის დადგენის მეთოდს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე განმარტავს, აღნიშნული შესაბამისი სტატისტიკური ანალიზის შედეგებით დგინდება, რომელიც ცნობილი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ ხდება.
„ჩვენი მიზანია საშუალო სირთულის ტესტი შევთავაზოთ აბიტურიენტებს. გვაქვს მსგავსი, მაგრამ არა იდენტური ტესტები. შესაბამისად, იმისთვის რომ ეს მცირე განსხვავებები გამოვრიცხოთ, ვიყენებთ გათანაბრების პროცედურას.
„ვარიანტების სირთულე-სიმარტივე კი სტატისტიკური ანალიზის შედეგებით ირკვევა. აღნიშნული ანალიზი ნაშრომების გასწორების შემდგომ დგინდება. შესაბამისად, ვარიანტების სირთულე სტატისტიკური მონაცემების შედეგების გამოქვეყნების კვალდაკვალ გამოქვეყნდება“,- განაცხადა ივა მინდაძემ გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“ საუბრისას.
აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტების ჩამონათვალში აბიტურიენტებს ცვლილებების განხორციელება აპელაციის პროცედურების დასრულებამდე შეეძლებათ. სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებამდე. ასევე, აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ცვლილების შეტანის შემდგომ მათ მეილზე უნდა მიიღონ დასტური და დარწმუნდნენ, ცვლილება ნამდვილად განხორციელდა.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
edu.aris.ge