ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც”: ამონარიდი ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუდან(ვიდეო)

დღეს, ბიძინა ივანიშვილი მაკა ცინცაძის გადაცემაში “აქტუალური თემა” სტუმარი იქნება.  როგორც გადაცემის ანონსით ირკვევა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეაფასებს მთავრობის ძველ და ახალ გუნდს, ისაუბრებს “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატზე, წარმოადგენს მის ხედვას ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე და შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

როგორც ის ინტერვიუში ამბობს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნის მართვა აღარ შეეძლო და მისი მმართველობის დროს ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოსა და ბიზნეს ინტერესებს შორის.

“ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლის და პროცესი იყო დაწყებული. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში “ქართული ოცნების” შემდეგ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. “ეროვნულმა ბანკმა” გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო ინტერესებისა და ბიზნეს ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით. მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც” – განაცხადა ივანიშვილმა.

მან შეაფასა მამუკა ბახტაძეც და როგორც ინტერვიუს ფრაგმენტიდან ირკვევა, ახალი პრემიერ-მინისტრის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

“მამუკა ბახტაძე მოწოდებულია ყველა სამინისტროში ჩაერიოს, ყველა სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, რაც არ ხდებოდა კვირიკაშვილის დროს, სამწუხაროდ” – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს ფრაგმენტები იმ ინტერვიუს ჩანაწერიდანაა, რომელიც დღეს, 21:45 წუთზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავა გადაცემაში “აქტუალური თემა”. როგორც გაირკვა, მაკა ცინცაძეს ივანიშვილთან ინტერვიუ პირდაპირ ეთერში არ ექნება, გადაცემა წინასწარაა ჩაწერილი.

 

იტვირთბა....