ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: “ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის შერჩევისას მისი ლოიალური დამოკიდებულება პარტიის მიმართ, კრიტერიუმი არ იქნება.

“კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ზეპარტიული და პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ არ გვინდა.

პარტიის და “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება კრიტერიუმი. კრიტერიუმი შესაძლოა იყოს ასაკი და გენდერი, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა. იმისთვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესი, სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბროს.

“დღეს იქნება ჩვენი თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან და მოვისმენთ მის მოსაზრებებს მათ შორის, შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან მოსაზრებას, ჯერ უნდა გავიაროთ კონსულტაციები და ამის შემდეგ გადავწყვეტთ როგორ წარდგება “ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე”,- განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....