დღეს, 10 საათზე ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმენს.
დაგეგმილია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის, მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის, მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი გაბოძის, თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძის, თბილისის პროკურორის მოადგილის კონსტანტინე სირაძის, მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ შაყულაშვილის ოფიციალური ახსნა-განმარტების მოსმენა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა. რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი მოზარდი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანია.