ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არქიმანდრიტი დოროთე: “აფხაზეთი საბოლოოდ დაკარგავს დამოუკიდებლობას, მიზეზი გაუმაძღრობაა”

ე.წ. “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი დოროთე (დბარი) სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებასა და მოსკოვს მწვავედ დაუპირისპირდა. კრიტიკული განცხადებები მან «Абхазия-Информ»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

თანამედროვე აფხაზეთში ყველაზე დიდ მიუღებლობასა და შეშფოთებას დოროთე დბარში ის გარემოება იწვევს, რომ “ადამიანთა ყოფის წამყვან შემადგენლად მატერიალური იქცა, ხოლო სულიერი მეასეხარისხოვანი გახდა”.

“სახელმწიფო უნდა ქმნიდეს პირობებს, რათა მისი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს კარგი განათლება, სამსახური, სამედიცინო მომსახურება და ა.შ. ჩვენი სახელმწიფო კი ამის ნაცვლად დაკავდა ჩინოსნების უზრუნველყოფით. ამიტომაც ცდილობს დღეს ჩვენში ყველა ადმინისტრაციული სავარძლის დაკავებას, რომ კორუფციის წყალობით სწრაფად მოიხვეჭოს მატერიალური სიკეთეები და ამით გაძარცვოს საკუთარი მომავალი” – აცხადებს მამა დოროთე.

კიდევ ერთი დიდი საფრთხე, მისი შეფასებით, “გაუმაძღრობაა”, რომლის გამოც “მზად არიან, დამოუკიდებლობაც კი დათმონ”:

“ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას არ სურს და არ აპირებს სახელმწიფოს წინაშე საკუთარი შემოსავლის დეკლარირებას. ცხადია, ამას სახელმწიფოში გაბატონებული კორუფციაც უწყობს ხელს. ამის გამო ისინი მზად არიან, მიიღონ ნებისმიერი გარე დახმარება და არც კი ფიქრობენ იმაზე, რაოდენ დიდ დამოკიდებულებასთან მივყავართ ამას. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი სახელმწიფო საბოლოოდ დაკარგავს დამოუკიდებლობას, საკუთარი სახელმწიფოს გარეშე კი აფხაზური ეთნოსი მისი ენითა და კულტურით უბრალოდ ვერ გადარჩება”, – ასკვნის დოროთე დბარი.

ცნობისთვის:

ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქიის ეპისკოპოსი ოფიციალურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა. თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი სასულიერო პირები ვერ შედიან და იქ სამწყსოს ხელმძღვანელად ბესარიონ აპლია გვევლინება. იგი მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილება და წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში წირვა-ლოცვის ჩასატარებლად რუსული ეპარქიებიდან ჩადიან მღვდელმსახურები.

ამ რუსული გავლენის საპირწონედ 2011 წელს ათონის სამონასტრო კომპლექსში შეიქმნა ე.წ. წმინდა მიტროპოლია, კონსტანტინოპოლში განათლებამიღებული და კურთხეული სასულიერო პირების მიერ. ამ დაჯგუფებას დოროთე დბარი უდგას სათავეში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კანონგარეშედაა გამოცხადებული, თუმცა სადღეისოდ აფხაზეთში ბესარიონ აპლიაზე ბევრად დიდი სამწყსო ჰყავს.

ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია მსოფლიო საპატრიარქოსგან უკვე წლებია, აფხაზური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ითხოვს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ამ მხრივ უმედგაცრუებად იქცა მისთვის კუნძულ კრეტაზე გამართული ბოლო დიდი საეკლესიო კრებაც. ახლა დბარი და მისი ეპარქია მომდევნო წმინდა კრებას ელოდებიან და აიმედებთ ის ფაქტი, რომ მასზე უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის განხილვა იგეგმება: მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სხვა, მათ შორის აფხაზური ეკლესიებისთვის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

accent.com.ge

იტვირთბა....