საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული და ანექსია კვლავ გრძელდება.
ტუსკსა და ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა.
“ამ ვითარებაში, ევროკავშირის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი პოზიცია რუსეთის უკანონო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი ეფექტიანი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე.
მაშინ, როდესაც მყარად ერთგულნი ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების დანდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.
ამავე დროს, საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ – ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სამშვიდობო და სტაბილურობის მისიებში მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირთან სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო და ევროკავშირი იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებზე რეაგირებისას,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.