პედიატრმა თემურ მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ტყვიით მოწამვლა განუვითარდეს.
პედიატრის თქმით ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის წყარო შესაძლოა, იყოს საკვები, უხარისხო სათამაშოები, სამშენებლო მტვერი, ბენზინი და ბენზინპროდუქტები, თიხის ჭურჭელი და გაურკვეველი წარმოების მედიკამენტები, ასევე განსაკუთრებით დაბალი განვითარების ქვეყნიდან შემოსული ჰომეოპათიური წამლები, რომლებიც ტყვიის გარდა შესაძლოა შეიცავდნენ პესტიციდებს.
მისივე თქმით, თიხაში შეიძლება იყოს ტყვიის დიდი რაოდენობით შემცველობა, 70-წლამდე აშენებულ სახლებისთვის გამოიყენებოდა საღებავები, რომლებიც ტყვიის მაღალ კონცეტრაციას შეიცავდა.
როგორც თემურ მიქელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტყვიით მოწამვლას არ ახასიათებს ზოგადი კლინიკური ნიშნები, ეს არის მწვავე და საშუალო სიმძიმის მოწამვლა.
„როგორც წესი, ბავშვებს ტყვიით უვითარდებათ უფრო ქრონიკულად მოწამვლით მიმდინარე კლინიკური გამოვლინებები, როგორიც არის ადვილად დაღლილობა ან აღგზნებადობა, ნერვულ-რეფლექტორული აღგზნებადობა, ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, საგნის ათვისების უნარის დაქვეითება, მოსწრების დაბალი დონე, თუმცა ეს შეიძლება ჯანმრთელ ბავშვსაც განუვითარდეს სხვა პათოლოგიების პირობებში, ამის დიაგნოსტირება საკმაოდ ძნელია. ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ტყვიით მოწამვლა განუვითარდეს“, – აცხადებს პედიატრი.
მისივე განმარტებით, თუ ბავშვი იკვებება სწორად, მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ცილებით, ნახშირწყლებით და მინერალებით, ასეთ შემთხვევაში ტყვიით მოწამვლა პრაქტიკულად არ ვითარდება. კერძოდ, თუ სისხლი გაჯერებულია რკინით, მაშინ ტყვიის მაღალი დონე სისხლში არ გამოიწვევს მოწამვლას.
„მწვავე მოწამვლა ურო მარტივი სადიაგნოსტიკოა, ასეთი პაციენტები ხვდებიან სპეციალურ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში და უტარდებათ გამომძევებელი მკურნალობა და ასეთი პაციენტი შეიძლება მალე გამოჯანმრთელდნენ. თუ გამოიწვია ცენტრალური სისტემის დაზიანება, ჩალაგდა ღვიძლში მისი გამოძევება საკმაოდ ძნელია, ის დააზიანებს ცალკეულ ორგანიზმსა და ორგანოებს, მისი აღდგენა პრაქტიკულად ვეღარ მოხდება“, – აცხადებს თემურ მიქელაძე.