გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილის განცხადებით ტყვიით დაბინძურების სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო ხარისხიანი საწვავია.
მეგრელიშვილმა ამ თემაზე დღეს პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, საქართველოს ქალაქებში ჰაერში იმაზე დაბალი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება, ვიდრე ევროპული სტანდარტია. მისი ინფორმაციით, 2005 წლიდან საქართველოში ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება აკრძალულია.
„ტყვიის შემცველობაზე კვლევა ტარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. 2017 წელს თბილისში ჰაერში ევროპულ ნორმაზე 37-ჯერ ნაკლები შემცველობის ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა.
მეგრელიშვილის განმარტებით, საცალო რეალიზაციის პუნქტებში სახელმწიფო საწვავის ხარისხს 2016 წლიდან აკონტროლებს. გარდა ამისა, საზღვარზე შემოსვლისას მოწმდება, რომ ქვეყანაში არ დაიშვას იმაზე დაბალი ხარისხის საწვავი, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ტყვიით დაბინძურების სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო ეს არის სწორედ საწვავის ხარისხი,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.