საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ რთული დასაჯერებელია როცა ქუმსიშვილს გადადგომიდან 10 დღეში პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა ეს ყველაფერი მიუთითებს იმას რომ საქართველო როგორც სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა.
„ამ პროცესში, პირველ რიგში, შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი, დასაფიქრებელი, გასაანალიზებელია ის, თუ როდის ხდება ბატონი ქუმსიშვილის დაბარება გამოკითხვაზე თუ გასაუბრებაზე. თვითონ ამბობს 20 დღის წინო. ეს არის ის დრო, როცა ქუმსიშვილი 7-8 დღის გადამდგარია თანამდებობიდან. როდის ეძახიან მას პროკურატურაში პასუხების მისაღებად – როდესაც ის პოლიტიკურად აღარ არის წონიანი ფიგურა, აღარ ჰყავს მფარველი და ა.შ. ანუ როდესაც პოლიტიკურად ის გვერდზეა გაწეული.
ეს არის უბედურება ამ ქვეყანაში პირველ რიგში, პროკურატურის. როგორ უნდა დავიჯეროთ მე ან საზოგადოებამ, რომ 20 დღის წინ, ქუმსიშვილის გადადგომიდან 10 დღეში მაშინ მიუვიდა გამომძიებელს სამუშაო მაგიდაზე იმ ტიპის ქაღალდი, რომ ქუმსიშვილთან კითხვა გაუჩნდა?! ამას ხომ ჩვენ არ დავიჯერებთ და ვერ დავიჯერებთ. ასევე ალავიძესთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხნის წასულია თანამდებობიდან. ერთდროულად ორი ქაღალდი მიდის პროკურორის თუ გამომძიებლის მაგიდაზე და უჩნდება მას კანონისმიერი ვალდებულება, სურვილი, რომ დაიბაროს ორი ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე. ეს ხომ შეუძლებელია? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა.
ისრაელში, მოქმედი პრემიერ-მინისტრი 2 კვირაში ერთხელ გამოძიების კითხვებს პასუხობს და სასამართლო პროცესები მიდის. ევროპის უამრავ ქვეყანაში მოქმედ მინისტრებს, პრეზიდენტებს ხან საგზაო შემთხვევის გამო იბარებენ, ხან კორუფციულ ბრალდებებს უყენებენ, ანუ პროკურატურა არის დამოუკიდებელი, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს დღევანდელ სტატუსს, თანამდებობას. თუ მე რაღაცაში აღმოვჩნდი გარეული და კითხვა გაუჩნდა, ვინც არ უნდა ვიყო, იმუნიტეტით ვარ დაცული? – პარლამენტს უნდა მიმართოს, მომეცი უფლება ამ კაცს კითხვები დავუსვა. მინისტრი არ არის იმუნიტეტით დაცული, როცა კითხვა გაჩნდა, მაშინვე უნდა დაესვათ. თუ იცდის, როდის გახდება პოლიტიკურად სწორი ამის გაკეთება, აქ არის უბედურება. ამიტომ არის რომ მერე იკარგება ნდობა იმ შემთხვევებშიც კი, თუ ნამდვილად იყო კორუფცია და ჩვენი რომელიმე ძვირფასი ყოფილი მინისტრი აღმოჩნდეს სადღაც. ისევე, როგორც წინა ხელისუფლების უამრავი წარმომადგენლის გამოძიების საქმეში, ამ ტიპის პოლიტიკური მოსაზრებებით მოქმედებამ ბევრი დამნაშავე შესაძლოა გარეთ დატოვა. ალბათ, მარტივად გვეტყვიან, რომ ახლა მომწიფდა დრო და ახლა დავიბარეთ, მაგრამ ამის არ მჯერა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავცრცელებული ინფორმაცია ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ პროკურატურამ დაადასტურა. პროკურატურის ინფორმაციით ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.
ეკონომიკის ექსმინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი განაცხადა, რომ გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით, 20 დღის წინ იმყოფებოდა.