საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში, ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საკანონმდებლო ღიაობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა, რომ ღია მმართველობის პროცესში მთავრაი ხარვეზი წულუკიანია.
კახიძის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველო კვლავ წარმატებულია ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, თუმცა ის ისურვებდა, რომ ტემპი უფრო მაღალი იყოს.
„მე, როგორც ამ თემაზე ძალიან დიდი გულშემატკივარი სახელმწიფოსი, ვთვლი, რომ ვალდებულებების შესრულების ტემპი არის საკმაოდ დაბალი. მე ვისურვებდი, რომ საქართველო ყოფილიყო უფრო აქტიური.
მთავარი გამოწვევა, გნებავთ პრობლემა, გნებავთ ხარვეზი ამ პროცესში არის ქალბატონი წულუკიანი, არა მისი პიროვნებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ძირითადი აქტორი, ვინც სახელმწიფოს პარტნიორია ღია მმართველობის პროცესში, არის მისი წინააღმდეგი და მას უნდობლობას უცხადებს. ამ პირობებში, უბრალოდ ძალიან რთულია ეფექტური თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. ამის გამოსწორებას ვისურვებდი და ასევე, ვისურვებდი, რომ უფრო ამბიციური გეგმები დაესახა ჩვენს ქვეყანას და უფრო სწრაფად წასულიყო წინ ამ გეგმების რეალიზაციისკენ“, – განაცხადა კახიძემ.