ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თადუმაძე: “მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, პროკურატურა ჩამოყალიბდა როგორც მოძალადე”

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავარია დაადგინოს სისტემის ძირეული პრობლემები.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა პროკურატურას საზოგადოებაში ძალიან დაბალი ნდომის ხარისხი აქვს.

“ძირითადი მიმართულება ის არის, რომ დავადგინოთ რა არის ძირითადი პრობლემა სისტემაში. დღეს ამ პრობლემის სახით აშკარაა, რომ ამ ინსტიტუტს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი არის იმაზე მაღალი, ვიდრე ზოგადად, ამ ინსტიტუტს ამ რესურსებით და ამ შესაძლებლობებით შეუძლია. საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი არ არის წინა კვირას წარმოქმნილი პრობლემა, ეს პრობლემა ინსტიტუტს აქვს უკვე წლებია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ამ სიტუაციას მოვესწარით – ეს იყო პროკურატურა საბჭოთა საქართველოსი, ეს იყო რეჟიმის პროკურატურა, რომლის მიმართაც განწყობა არ იყო დადებითი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურა და მივიღეთ განუკითხაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ამ პროკურატურას დაერქვა კორუმპირებული პროკურატურა. იქ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ სტერეოტიპი, რომ პროკურატურა არის კორუმპირებული, ჩამოყალიბდა მაშინ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა რომელიც გულისხმობდა შენობების გარემონტებასა და ახალი თანამშრომლების აყვანას, პროკურატურა მაინც ჩამოყალიბდა ისე როგორც მოძალადე.

“ჩვენ ამას ვუყურებდით 9 წელი. მე მახსოვს შიშის განცდა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მივყვებოდი პროკურატურაში. ხოლო 2012 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პროკურატურა, აბსოლუტურად გათავისუფლებული ძალადობისგან, მაგრამ ეს იყო ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი იყო. გატარდა რეფორმები, თავადაც ვიყავი ამაში ჩართული, მაგრამ სამწუხაროდ, ნებისმიერი წარუმატებლობა ბრალდებოდა პროკურატურას. თუკი ვინმეს დაიჭერენ, პროკურატურამ დაიჭირა პოლიტიკურად და თუ ვინმეს არ დაჭერდნენ, ესეც პროკურატურას ბრალდებოდა. დღეს გვაქვს პროკურატურა, რომელიც ამ 27 წლიან პერიოდში არასოდეს არ ყოფილა მაღალი ნდობის ხარისხით და ამ პოლიტიკური თავდახმების გამო ნდობის ხარისხი ვერ მოიპოვა. ჩემი აზრით, გარკვეული ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს პროკურატურაში და ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება. ამაში კი ვგულისხმობ პროკურატურის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კანონის უზენაესობის დაცვას, შიდა ურთიერთობების სამართლიან დამოკიდებულებას და მოლოდინს, რომელიც საზოგადადოებას გააჩნია, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდია და მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხა კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება.

იტვირთბა....