საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შესახებ გამოუეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ცდილობს მმართველი გუნდის კინკლაობაში გამოწვევას.
გუშინ მარგევლაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს რომ ვერ ასახელებს.
ირაკლი კობახიძის თქმით კი, მმართველ გუნდს აქვს განსაზღვრული სამართლებრივი და პოლიტიკური ვადები და პრეზიდენტობის კანდიდატი ამ ვადებში დასახელდება.
კობახიძე “ღიმილისმომგვრელს” უწოდებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ასეთ კომენტარებს აკეთებს მაშინ, როდესაც თავად არ გამოუცხადებია საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
“ის თავად არ აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს არის რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და ეს არის მარტივი სპეკულაციები. ასეთ კინკლაობაში, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ და მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, რომ ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება იმას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება.