გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. განათლების მინისტრობის კანდიდატად კი მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.
როგორც ბატიაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე, პარლამენტში განაცხადა, სასკოლო სახელმძღვანელობის საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
“მოხდა განახლება სასწავლო გეგმების და ახალი სახელმძღვანელოები შევა სექტემბრიდან სკოლებში. ვიცი, რომ პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს ახალი სასწავლო გეგმების მიხედვით. ვიცი, რომ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა იყო – რომელიმე სპორტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი, რომ პირველკლასელის ჩანთის ტარება შეგძლებოდა. როგორც ვიცი, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები გადაწყვეტილია, თუმცა ამას განვითარება სჭირდება. სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების ნამუშევრები, ასევე ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მსოფლიოში არსებული სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. ანუ ყველაზე თანამედროვე გამოცემები, რომელიც არის ევროპისა და ამერიკის განვითარებული ქვეყნების სკოლებში, რატომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი? ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეიძლება გავამდიდროთ სახელმძღვანელოების ნაწილი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.