ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება

კონსულტაციები მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უკვე დაასრულა, თუმცა დეპუტატებს დღის ბოლომდე ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟაძის კანდიდატურაზე შეჯერდა. ინფორმირებული პირების თქმით, თუ რაიმე სახის „ფორსმაჟორი არ მოხდა“, მმართველი პარტია რიჟვაძის კანდიდატურას დღეს ან ხვალ ღიადაც დაასახელებს.

ჯერჯერობით სასურველი კანდიდატი არ ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ „პრეზიდენტს გამბედაობა არ ეყოფა თავისი კანდიდატი წარმოადგინოს“. „ევროპული საქართველო“ კანდიდატის დასახელებას არ აპირებს და საზოგადოების ჩართვას ითხოვს კანდიდატის შერჩევის პროცესში. სხვა პარტიების პოზიცია კი უცნობია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს მას შემდეგ, როცა იგი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გაივლის. კანდიდატს უმაღლესი საბჭო უყრის კენჭს. თუკი პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატს უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს ამ ორგანოს დათხოვნა შეუძლია.

„პრეზიდენტი უნდა იყოს პრინციპული. სხვა შემთხვევაში იგი იქნება „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული და მისი ლიდერების ახირებაზე ორიენტირებული,“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი. ეს პარტია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტისთვის თავისი კანდიდატურის შეთავაზებას არ აპირებს. პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი, პირველ რიგში, საზოგადოების აზრით უნდა დაინტერესდეს.

„ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და ვნახავთ, რამდენად ღირსეულ გაადწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. შეძლებს თუ არა იგი წარადგინოს კანდიდატურა, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მოწონებას. ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა გამოავლინოს კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტიურმა სამოქალაქო ჯგუფებმა და ეს საკითხი არ უნდა წყდებოდეს სადღაც თბილისში, ხელისუფლების კულუარებში. გააკეთონ გამოკითხვები, 21-ე საუკუნეა, ფეისბუქის ერაა და მარტო კაბინეტში არ უნდა წყდებოდეს საკითხი. შეხვდეს პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას, იქაც დასახელდება კანდიდატები. ვინ არის ღირსეული, ეს მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის,“ – აღნიშნავს პეტრე ზამბახიძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ჩართული არ არის. პრეზიდენტს კანდიდატის დასასახელებლად არც უმაღლესი საბჭოს უმრავლების თანხმობა სჭირდება. პეტრე ზამბახიძე შენიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის შერჩევის ეს მოდელი ახალ პრეზიდენტზე გათვალა და ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

„არ ეგონათ, რომ ზურაბ პატარაძე წავიდოდა და გიორგი მარგველაშვილს მოუწევდა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატის დასახელება. უმრავლესობის თანხმობა არ ჩაწერეს, რადგან იყო გათვლა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს შესაძლოა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აღარ ჰყოლოდა. პრეზიდენტს უფლებამოსილება ეწურება, მაგრამ ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად წავა იგი რისკზე,“ – დასძენს პეტრე ზამბახიძე.

„პარტიის შიგნით გვექნება კონსულტაციები და შემდეგ გვექნება პოზიცია. კანდიდატი შეიძლება არც გვყავდეს. ჯერჯერობით არანაირი კონსულტაცია პარტიის შიგნით არ მიმდინარეობს,“ – ამბობს გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მისი შეფასებით, კონსულტაციებს მმართველ პოლიტიკურ გუნდში მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათი აქვს. „რეალურად ყველა ელოდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას. უფრო კულუარული განხილვებია და არა კონსულტაციები. ისინი მიიღებენ დავალებას, რომელსაც შეასრულებენ,“ – ამბობს ის.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა – ზაზა ოქუაშვილმა და გიორგი ცინცქილაძემ. ამ დრომდე უცნობია ამ პოლიტიკური ძალების პოზიცია, ეყოლებათ თუ არა თავიანთი კანდიდატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

პრეზიდენტის საპარალემენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან მომდევნო კვრაში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართავს. მისივე თქმით, პრეზიდენტი ბათუმში აპირებს ჩამოსვლას.

იტვირთბა....