ზვიად კუპრავას, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, გამომძიებლებისთვის ჩვენება არ მიუცია. ამის შესახებ კუპრავამ ჟურნალისტებს პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ის პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ ბაჩუკი ქირიასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც კუპრავამ განმარტა, ის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს და აღნიშნული მოთხოვნა გამომძიებლებს გააცნო.
მისი თქმით, ბრალი, რომელსაც მას ედავებიან, უსაფუძვლოა, ვინაიდან მას სასამართლოსთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
„ ვისარგებლე ჩემი უფლებით და შსს-ს წარმომადგენელს განვუცხადე, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში მივცემ. შესაბამისად, შედგა აღნიშნული ოქმი და უახლოეს დღეებში შედგება ჩემი დაკითხვა უკვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. მინდა, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახოს ის ცირკი და კლოუნადა, რასაც მედავებიან. პროცესი საჯარო იქნება და მინდა, საზოგადოებამ დაინახოს, დარწმუნდეს იმ აბსურდში, რასაც მე მედავება გახარიას უწყება. ამიტომ უარი ვთქვი, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე და განვუცხადე, რომ ჩემ უფლებას ვიყენებ მოსამართლესთან ერთად დაკითხვის შესახებ. მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას,ოღონდ დახურულ შენობებში არა, დასამალი არაფერი მაქვს”, – განაცხადა კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.