ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა გამოკითხვაზეა დაბარებული.
ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული სასამართლოში ჩემი იძულებით აყვანის ფაქტზე. მედავებიან სასამართლოს უპატივცემულობას. ეს არის სრული აბსურდი. სასამართლოს უპატივცემულობა არ შეიძლება მოხდეს სასამართლოს დარბაზის გარეთ“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე 12:00 საათზე მივა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.