შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყების საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა.
“პოლიციელებსაც აქვთ უფლება, რომ გახდნენ ავად, ისინიც ხდებიან ავად, შესაბამისად, როგორც კი გამოჯანმრთელდება ეს ადამიანი, რა თქმა უნდა იგი გამოცხადდება კომისიის სხდომაზე, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას გუშინდელ სხდომაზე თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა უნდა გამოეკითხა, თუმცა სიგუა პარლამენტში არ გამოცხადდა.
კომისიის სხდომაზე გამომძიებელი ირაკლი ფიფია და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე მივიდნენ, რომლებმაც არ უპასუხეს კითხვებს, თუ რატომ არ გამოცხადდა სხდომაზე სიგუა.
საგამოძიებო კომიიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ კომისიას შეტყობინება არ მიუღია იმასთან დაკავშირებით, რომ სიგუა შეუძლოდაა.
„ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს და ნებისმიერ შემთხვევაში, მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს გარდაუვალია, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირს”, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გუშინ 1tv-მ დაწერა, რომ იოსებ სიგუას 2 ივლისს, საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ პატაკი დააწერინეს და სამსახურიდან გაუშვეს.
2 ივლისს კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ თქვა, რომ მოზარდების მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. იმავე სხდომაზე ფიფიას საუბრის დროს გაირკვა, რომ კამერების დათვალიერების ოქმში სუბელიანის გარდა ყველა იდენტიფიცირებულია. გამომძიებლის თქმით, ის ვერ იცნო.
მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ მუშაობა ივნისში დაიწყო, რომელიც 17 წევრისგან შედგება.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს