“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უნდობლობა, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში ამ ადამიანის კითხვებს არ გაეცა სახელმწიფოს მხრიდან პასუხი. მისი თქმით, შსს-მ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის საპასუხოდ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ზაზა სარალიძეს არ ჰქონდეს კითხვის ნიშნები განახლებულ გამოძიებასთან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ უწყებამ პასუხი გასცეს რეკომენდაციებს და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს მთავარი საკითხი – იყო თუ არა მცდელობა, რომ ამ საქმის გამოძიებაზე განხორციელებულიყო გავლენა და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სუბელიანის სავარაუდო ჩართულობაზე, საუბარია ასევე იმაზე, ვის ეკონტაქტებოდა სუბელიანი და ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.