ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი.

მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს.

კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული დღევანდელი აქცია, რომელიც შსს-სთან, 19:00 საათზეა დაანონსებული, სარალიძის თქმით, ამაზე არაფერი იცის და აქცია თვითონ არ დაუგეგმავს.

“აქცია მე არ დამიგეგმავს გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს აღარ ვაწუხებ. აქციას დაგეგმავდა ის, ვისაც სურს სამართლიანობის აღდგენა. მე რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. პარტიებთანაც არასდროს მითანამშრომლია. არასდროს მითქვამს პარტიებისთვის გვერდით დამიდექით-მეთქი. ერთადერთხელ მოვუწოდე და ვითათბირეთ თემაზე, მაგრამ მაინც გვერდზე გავწიე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში კონკრეტული პარტიების ჩარევა საჭიროდ არ ჩავთვალე. რაც შეეხება ხალხს, თუ ვინმეს სურს სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა, გზას არავის ვუკეტავ”, – განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ის შს მინისტრთან შეხვედრას არ ითხოვს.

“გიორგი გახარიასთან შეხვედრას არ ვითხოვ. გახარიას, თუ თვითონ უნდა შეხვედრა, ეს არ ვიცი, მაგრამ შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანება ეკავება ხელში კალანდიას დაკავების შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩამოსულა სამინისტროდან ჩემთან”, – აღნიშნა სარალიძემ.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სარალიძე განმარტავს, რომ დიაბეტი აწუხებს, თუმცა ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

“რაც შეეხება შიმშილობას, მე არც მითქვამს, რომ შიმშილობას ვიწყებ-მეთქი. აქ ისეთი პირობები ნამდვილად არ მაქვს, რომ საჭმელ-სასმელი თავზე მეყაროს…

დიაბეტი მაქვს, თუმცა ახლა ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს”, – განაცხადა სარალიძემ.

იტვირთბა....