ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი: “საგამოძიებო კომისია არ მუშაობს სერიოზულად”

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სერიოზულად არ მუშაობს; დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში იმ დროს, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კომისიის მთავარი მიზანდასახულობა ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება.

„მე ვეყრდნობი იმას, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ არაფრისთვის მზად. ეს კომისია არ მუშაობს სერიოზულად. დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში იმ დროს, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული. რამდენიმე დღეა მე სულ ამას ვკითხულობ, როდის იქნებიან არასრულწლოვნები დაკითხული იმ ფსიქოლოგთან ერთად რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის, რომ გაანალიზოს არსებული მასალები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი გამოძიება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, დეპუტატმა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებსაც მიმართა. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს რეკომენდაციები თქვენმა ჯგუფმა დაწერა და ეს არ არის კომისიის მსჯელობის შედეგი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა რომ მათი, როგორც კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, კომისიის სხვა წევრებთან ერთობლივი მუშაობით და შეთანხმებით იყოს გადაწყვეტილებები მიღებილი და არა მხოლოდ ერთი მხარის მიერ.

„დავკითხოთ ის აუცილებელი მოწმეები, შემდეგ შევიკრიბოთ და გავაანალიზოთ. რაც იქნება საჭირო ის რეკომენდაციები მივიღოთ. ასევე დავამატებ, იმისთვის რომ ამ კომისიის მიმართ არსებობდეს ის აუცილებელი ნდობა, რომელიც გვჭირდება – ეს უნდა იყოს მიღებული კონსენსუსით. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ მივაღწიოთ ამას. ამ საქმემ რომ მართლა მიაღწიოს თავის მიზანს, რაც არის სიმართლის დადგენა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....