ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინაშვილი: “ყოველ პარასკევს პატიმრები „წითელ პარასკევს” ეძახდნენ”

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პატიმრების წამების საქმეზე, სასამართლოში განაცხადა, რომ ყოველ პარასკევს პატიმრები „წითელ პარასკევს” ეძახდნენ, ამ დღეს მათთვის ჯოჯოხეთი ხდებოდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ირმა ინაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა და  ისაუბრა, თუ როგორ ხდებოდა 2011-2012 წლებში კარანტინის დაშლის კადრების გადაღება, სადაც პატიმრების წამება იყო ასახული.

„ჩვენ გვჭირდებოდა მამხილებელი მასალა, რათა ეს სისტემური დანაშაული დაგვემტკიცებინა. ციხის ყოფილი თანამშრომლის, ბედუკაძის საშუალებით მოხდა დაკავშირება ბორის ფარულავასთან. ვიცოდით, რომ ყოველ პარასკევს პატიმრები „წითელ პარასკევს“ ეძახდნენ. ამ დღეს ჯოჯოხეთი ხდებოდა მათთვის. დათა აკობია სათანადო ფარული გადაღების სისტემით უზრუნველვყავით. სწორედ მის მიერ გადაღებულმა კადრებმა ამხილა სისტემური დანაშაული. რაც მან გააკეთა, იყო გმირობის ტოლფასი. ტექნიკა ჩვენ შევიძინეთ და გიორგი ლომიამ ფარულავას და აკობიას გადაღება ასწავლა.  კადრებში ვნახეთ არაერთი პატიმარი მწკრივში, რომლებსაც ციხის მაღალჩინოსნები უსწორდებოდნენ. ამოვიცანით გაგა მკურნალიძე”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა და სასამართლოს მოუყვა, თუ როგორ მოხდა უსაფრთხოებისთვის ბედუკაძის გაყვანა ქვეყნიდან.

„ბედუკაძემ საუბარი დაიწყო უსაფრთხოებაზე, ჩვენ უნდა დავხმარებოდით მას, გაგვეყვანა საზღვარგარეთ, სადაც დაცული იქნებოდა მისი ოჯახი. ეს ბედუკაძის მთავარი მოთხოვნა იყო. ჩვენი რჩევით ის წავიდა ბორჯომში, შემდეგ  გავუშვით თურქეთში, იქიდან გადავიდა ბრიუსელში, სადაც ჩვენი მოძრაობის წევრები დახვდნენ. მათთან ცხოვრობდა, ვიდრე კადრებს გავავრცელებდით,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუასა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ბრალად 2012 წლის არჩევნებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, პატიმრების ცემის ორგანიზება ედებათ.

ბრალდების მტკიცებით, ზურაბ ადეიშვილის დაკვეთით, წინა ხელისუფლება ცდილობდა, ციხეში პატიმრების ცემა ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე გაევრცელებინა და „ქართული ოცნების” დაკვეთად გაესაღებინა.

იტვირთბა....