საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება, საბჭოს იმ არამოსამართლე წევრების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც საბჭოს ღიად აკრიტიკებს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა.
როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინიციატივა, რომელიც საერთო სასამართლოებმა სასამართლო რეფორმის თაობაზე მიმდინარე დღევანდელ შეხვედრაზე წარადგინეს, მისთვის სიახლე იყო.
ჯანეზაშვილის თქმით, ამ ინიციატივაზე იუსტიციის საბჭოს სხდომაზეც არ უმსჯელიათ და მისი მიღების შემთხვევაში კანონი დრაკონული გახდება.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არის მწვავე დისკუსია და საბჭოს მოსამართლე წევრებმა არაერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი მხარს დაუჭერენ, თუ იქნება ერთგვარი დისციპლინური პროცედურები შემოღებული საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართაც. მოსამართლეებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები, რომ დაიცვან ეთიკის სტანდარტები და სხვა დისციპლინური პროცესი ვრცელდება მათ წინააღმდეგაც, თუკი ასეთი საფუძვლები არსებობს, მაგრამ არამოსამართლე წევრების მიმართ ასეთი რეგულაციები არ არსებობს.
არამოსამართლე წევრის ინსტიტუტი, როდესაც 2013 წელს შემოვიდა, მიზნად ისახავდა საბჭოს დეპოლიტიზაციას და უფრო მეტად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. მაშინ, როდესაც ჩვენ ღიად ვაკრიტიკებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, სააშკარაოზე გამოგვაქვს, მათ მიერ წამოყენებული წინადადებები, ზიანის მომტანი და მათი სუბიექტური ინტერესების გამტარებელია. დღეს ვნახეთ, რომ წარმოადგინეს პროექტი, წინადადება, რომელიც საბჭოს სხდომაზე არ განხილულა, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, ანუ აქ პირდაპირ იგულისხმება არამოსამართლე წევრები, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ შორის გახდეს გათავისუფლების საფუძველიც, თუკი მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი. აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი მე არჩეული ვარ პარლამენტის ან სხვა წევრი არჩეულია პრეზიდენტის მიერ, ის გათივისუფლდეს სადისციპლინო კოლეგიის ან პალატის მიერ და არა იმავე დამნიშნავი ორგანოს მიერ”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძველი შესაძლოა ნებისმიერი კრიტიკული განცხადება გახდეს, რომელიც საბჭოს სხვა წევრებს არ მოეწონებათ და ცილისწამებად ჩათვლიან.
“ეს რა თქმა უნდამ დრაკონული კანონია, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი და პრობლემები, როცა საჯაროდ გამოგვაქვს ყველა ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც საბჭოში ხდება. ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება. წარმოდგენილი წინადადებით ცილისწამება ან ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მათთვის მიღებელია, შეიძლება გახდეს სადისციპლინო პროცედურების დაწყების საფუძველი”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.