„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებებისა და ოპტიმიზაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ვიდრე ვითმენთ, გვეკუთნის. ბურჯანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის მოხსნა სურს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სკანდალის გამოწვევა არ უნდა, სამინისტროს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს იქნება მასკარადი ოპტიმიზაციაზე.
„ეს არ იქნება მსჯელობა, ეს იქნება აბსურდი და მასკარადი ვითომ ოპტიმიზაციაზე და სამთავრობო სტრუქტურების ცვლილებებზე. როგორ შეიძლება სერიოზულად ვისაუბროთ ამ საკითხზე. ქვეყანაში, სადაც არის 300 ათასი დევნილი, აუქმებენ დევნილთა სამინისტროს. ეს ხომ პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ხელისუფლებაში დევნილების პრობლემები, რეალურად არავის აინტერესებს. ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამინისტროს აუქმებენ, მხოლოდ იმიტო რომ ბიძინა ივანიშვილს სურს სოზარ სუბარის მოხსნა, მაგრამ არ უნდა, რომ ამან სკანდალის სახე მიიღოს. ივანიშვილი მარტივად წყვეტს პრობლემას -აუქმებს სამინისტროს. ასეთია მილიარდელის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სამინისტროში მუშაობს ან იმ ხალხისადმი, ვისაც დევნილების სახით სამინისტრო ემსახურება. გამოდის, რომ ჩვენი პრიორიტეტი დევნილები აღარ არის? ჩვენი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება აღარ არის? ჩვენი პრიორიტეტი ეკოლოგია აღარ არის?
ახალი პრემიერ-მინისტრი გვიმტკიცებს, რომ ოპტიმიზაცია საბიუჯეტო სახსრების დასაზოგად არის საჭირო და პარალელურად იმასაც გვეუბნებიან, რომ თანამშრომლების შემცირება არ იქნება. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას – როგორ უნდა დაიზოგოს ბიუჯეტის თანხები თუ ადამიანების რაოდენობა არ შემცირდება?! იმ ადამიანებს უხელფასოდ ხომ ვერ ამუშავებენ, ამავე დროს ვერც ხელფასებს შეუმცირებენ და ვერც გაუშვებენ, მაშინ მიპასუხოს პრემიერმა, როგორ გაკეთდება საბიუჯეტო სახრების ეკონომია? ეს არის ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ გვეკუთნის, ვიდრე ვითმენთ გვეკუთნის!“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.