მოზარდების ჩაგვრა მუდამ საზოგადოების განხილვის თემაა. ხანდახან, გახმაურებული საქმეების დროს, მოზარდების ჩაგვრა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. თუმცა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, ხოლო ძალიან ბევრ მოზარდს ფსიქოლოგიური ტრავმით უწევს ცხოვრება.
სასულიერო პირები, ფსიქოლოგები, განათლების სამინისტრო, ოჯახი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პედაგოგები – ყველა თანხმდება, რომ სწორედ ამ ადამიანების ერთობლივი და ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო, რათა ბულინგის პრობლემა აღმოიფხვრას.
მამა პეტრე კოლხის აზრით, მთავარია მოზარდს სწორად მიუდგე და ერთობლივი სამუშაოები ჩატარდეს.
„როდესაც ბავშვები ოჯახში უყურებენ, როგორ ჩაგრავს უფროსი უმცროსს, ეს, თითქოს, მემკვიდრეობით გადაეცემა თაობას. შემდეგ, მოზარდი, როდესაც ქუჩაში გადის, ცდილობს ან სხვა დაჩაგროს ან ქვეცნობიერში ელოდება იმას, რომ თვითონ დაჩაგრავენ.
ეს იმდენად მასიური პრობლემაა, რომ აუცილებელია ფსიქოლოგები და სასულიერო პირები ერთობლივად მოქმედებდნენ.
დღეს ქუჩაში რაც ხდება, ერთი ადამიანისგან მეორის ჩაგვრა, დამცირება, დაცინვა, – ეს ყველაფერი თავისთვად გულისხმობს, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი გააჩნია ერთ მხარეს, მეორე კი ცდილობს, თავის ე.წ. ძალისმიერი ქმედებებით, სხვას შეურაცხყოფა მიაყენოს.
როდესაც მოზარდი მოდის ეკლესიაში და მას მამაო აგრესიულად ხვდება, უკვე ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. დაჩაგრულ ბავშვს იმედი არ უნდა გავუცრუოთ და უნდა ვესაუბროთ მისთვის მშობლიურ ენაზე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის პრობლემური, მაგრამ დაძლევადი.“ – განაცხადა მამა პეტრემ.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების წესის ცვლილება – ეს ის ორი ამოსავალი წერტილია, საიდანაც, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას აზრით, ბულინგის პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს.
„საზოგადოებრივი ცხოვრების წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და პიროვნების ღირსების შემლახველი ქმედება დასჯადი უნდა გახდეს.
ბავშვმა კარგად უნდა დაინახოს, როგორ ისჯება ზრდასრული ადამიანი სხვისი ღირსების შემლახველი ქმედების გამო. თუ საზოგადოებაში მიუღებელია მეორე ადამიანის ღირსების შელახვა , მოზარდებისთვის ესაა ნომერ პირველი პრევენციული ღონისძიება“ – განუცხადა „მეტრონომს“ ჩაჩუამ.
„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე, „მეტრონომთან” საუბრისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ბულინგზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკოლისა და მასწავლებლის როლი უმნიშნელოვანესია, რადგან არ მოხდეს შშმ ბავშვების დაჩაგვრა.
„ჩემი შვილი პირველი კლასიდან სწავლობს სკოლაში და ფაქტობრივად, მის კლასში არ არსებობს ბულინგი, რადგან კლასელებმა თავიდანვე გაიცნეს ჩემი შვილი და იციან რა არის ეს პრობლემა. ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების, რადგან ბულინგზე სულ ელაპარაკოს ბავშვებს და განიხილოს სხვადასხვა საქმეები. საჭიროა სხვა კუთხით დაანახოს ბავშვებს ეს საკითხები და აუხსნას, რომ ბულინგი საზიანოა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბულინგის აღმოფხვრაში დირექცია და ყველა საგნის მასწავლებელი იყოს ჩართული და რაც ყველაზე მთავარია, ახლო კომუნიკაცია ჰქონდეს ბავშვებთან. ვთქვათ, კონფლიქტი ბავშვებს შორის არ იყოს დამსჯელობითი, პირიქით, ესაუბრონ ამ პრობლემაზე, კარგად გააცნონ თემა, დაადგინონ საწყისი, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა – სწორედ ამტომ აქვს სკოლას მნიშვნელოვანი როლი.
მშობლის და სკოლის როლს ცალ-ცალკე ვერ განვიხილავ. ორივეს უნდა ჰქონდეთ ძალიან მჭიდრო კავშირი და ერთობლივად უნდა ისაუბრონ, რომ სახლში მისულ ბავშვს რას ეტყვის მშობელი და სკოლაში მისულ ბავშვს რას ეტყვის მასწავლებელი. როდესაც მშობელი თავისას ეუბნება და სკოლა – თავისას, ბავშვი იბნევა და რეალურად, ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისგან ვიცი, რომ როდესაც მათი შვილები ბულინგის მსხვერპლი ყოფილან, მიუმართავთ ფსიქოლოგისთვის. მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიის ცენტრიც ყოფილა საქმეში ჩართული, მაგრამ რეალურად, არანაირი შედეგი არ არის. ამის მიზეზი სკოლაა, მისი ადმინისტრაცია და მასწავლებლები, რადგან ისინი დაინტერესებულები არიან, რომ ეს ბავშვები წავიდნენ სკოლიდან. სკოლა გამოსავალს ხედავს სხვა სკოლაში გადასვლით. თუ სკოლა არ დაგვეხმარა, მარტო მშობელი ვერაფერს იზამს,“- ამბობს მარი კორკოტაძე.
ანა თავხელიძე „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი აცხადებს, რომ აუცილებელია ბულინგის შემთხვევაში სამართალდამცავებს მივმართოთ.
„სამწუხაროდ, სახელმწიფოს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არ აქვს სათანადო პოლიტიკა შემუშავებული. აუცილებელია, არსებობდეს ერთიანი მიდგომა სახელმწიფოში. ამისთვის უნდა არსებობდეს დოკუმეტი ბულინგის მართვისა და შემდგომ, პრევენცია თუ რა რეაგირება უნდა განახორციელონ.
ამ ეტაპზე ვმუშაობთ კიბერბულინგზე. უნებართვო ფოტოს გავრცელება მოხდა და ამ ფოტოზე იყო შეურაცხმყოფელი კომენტარები, რამაც ბუნებრივია, ზიანი მიაყენა ბავშვს. ჩვენ მივმართეთ პოლიციას და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება, როგორც არასათანადო მოპყრობა, რადგან ზიანი იყო საკმაოდ დიდი. პოლიციამ დაიწყო გამოძიება და ვფიქრობ, ნებისმირ შემთხვევაში ბულინგის განხორციელება იქნება ეს, კიბერბულინგი თუ სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც დამცირებას ან შეურაცყოფას გულისხმობს და ზიანს აყენებს ადრესატს, აუცილებლად უნდა მივმართოთ სამართალდამცავებს.
ბულინგზე როცა ვსაუბრობთ ორი მხარე არის მსხვერპლი და არა მხოლოდ ადრესატი. ამ ბავშვსაც სჭირდება დახმარება და შეიძლება ის სხვისი მხრიდან იყოს ბულინგის მსხევრპლი. ამიტომ, სკოლამ უნდა მოახდინოს ამის იდენფიცირება, ანუ იმ სივრცემ სადაც ბულინგი ხდება და მან უნდა მიაწოდოს მშობელს ეს ინფორმაცია, რადგან ეს არ კეთდება, აქედან გამომდინარეა მცირე მიმართვიანობა ფსიქოლოგთან. თუმცა ფსიქოლოგთან ვიზიტი ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია“ – განაცხადა ანა თავხელიძემ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო გადაწყვეტილება რომ სკოლასა და მშობელს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს გაუჩენს ვალდებულებას, შეატყობინონ ერთმანეთს ძალადობის რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ერთობლივად მართონ პროცესები.
ავტორი: ანინა ზაბახიძე