მამუკა ბახტაძის პრემიერად დამტკიცების შემდეგ, ეკონომიკური გუნდი სრულად განახლდება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამთავრობო ცვლილებებზე საუბროსას აცხედებენ.
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი განიხილებიან. ამის შესახებ ინფრომაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
თუ მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლებს, მაშინ სავარაუდოდ, მას ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც შეიცვლება.
ასევე, შეიცვლება საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხეილ ჯანელიძეს დავით ბაქრაძე შეცვლის, რომელიც ამ ეტაპზე ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის მინისტრებთან კითხვები არ არსებობს და არ განიხილება მათი შეცვლა.
ასევე, მმართველი გუნდის წევრებს არ აქვთ კითხვები იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, რომლის გადაყენებასაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო არასამთავრობო სექტორთან ერთად ოპოზიციაც ითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანს ბევრი ისეთი საქმე აქვს დაწყებული, რომელიც ბოლომდე მან უნდა მიიყვანოს და მისი შეცვლა ამ დროისთვის არ იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს. მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა ყოფილი მინისტრი, მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა.