საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პრემიერის გადადგომასა და შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის თავიდან დაკომპლექტებას “მეტრონომთან” საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ სიახლემ მმართველ გუნდს საზოგადოებაში ნდობა ვერ მოუპოვა, მაშინ პარლამენტი უნდა დაიშალოს.
“თუ ჩვენ, ამ ცვლილებებით, ვერ შევძელით საზოგადოებაში ნდობის აღდგენა და ეს არ იქნება მიმართული არჩევნებზე მიცემული დაპირებების შესასრულებლად – ვერ შევამცირებთ ბანკების ვალებს, ვერ შევამცირებთ საზოგადოებაში სამართლიანობისადმი უნდობლობას, მაშინ უნდა დავიშალოთ და ახალი მანდატი დაგვჭირდება, რათა ხალხის ნდობის ფაქტორი მოვიპოვოთ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა. აქედან გამომდინარე, ყველა მინისტრმა დატოვა პოსტი და ახლა ისინი მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი არიან. კონსტიტუციის თანახმად, მმართველმა გუნდმა ახალი მინისტრთა კაბინეტი 1 კვირაში უნდა წარადგინოს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა ჭირდება.