„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მზად ვარ მოვიხსნა სადეპუტატო იმუნიტეტი, თუ ბოკერია მოიხსნის იმუნიტეტს და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დაიწყება.
მან უნდობლობა გამოუცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას და პროკურატურის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ ითანამშომლონ აღნიშნულ კომისიასთან.
„მოსახლეობაში მუსირებს აზრი, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი ოკუპირებულია სწორედ ბოკერიას ჯგუფის მიერ. ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება ხდება სწორედ ამ ჯგუფის მიერ. ამაზე იმ საგამოძიებო კომისიის შექმნაც მეტყველებს, სადაც მწამებელმა ბოკერიამ თურმე სამართალი უნდა აღადგინოს.
ჩვენ, „საქართველოს პატრიოტები“, ვუთანაგრძნობთ შვილმოკლულ მამებს, ვითხოვთ, გამოძიება ჩატარდეს მაღალ დონეზე და იგი ჩაატაროს არა სულხან მოლაშვილის მწამებელმა ბოკერიამ, არამედ ობიექტურმა ხალხმა. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლული, რეპრესირებული, დაინვალიდებული ათასობით ადამიანის ბრძოლის შეურაცხყოფაა, როცა სულხან მოლაშვილის მწამებელი, ციხის ბუნტის ორგანიზატორი, ეკლესიის დამანგრეველ-დამარბეველი, 7 ნოემბრის, 26 მაისის, 6 მაისის აქციების დამარბეველი, კოდორის ხეობის ჩამბარებელი ბოკერია და მისი გუნდი დღეს დომინანტ ძალად არის წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას სწორედ ბოკერიას ფაქტორის გამო. მეტიც, მივმართავთ პროკურატურის წარმოამდგენლებს, არ ითანამშომლონ ხსენებულ კომისიასთან და უარი განაცხადონ ჩვენების მიცემაზე. ყოველი მათგანი იმავე ჩვენებას მისცემს გახარიას უწყებას“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ამასთან, მან მოითხოვა თაროზე შემოდებული, მათ შორის, „გიგა ბოკერიასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება“.
ემზარ კვიციანმა, ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაპირისპირებაში.