პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
როგორც რეგლამენტში წერია, გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.
რეგლამენტში წერია, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება დაუშვებელია. პარლამენტის წევრს ეს უფლება უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მამუკა ვასაძისგან წერილი:
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის შესახებ“ სქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის 11 პრიმა ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

