ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “13 ივნისის ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას”

თბილისის მერმა კახა კალაძემ, სოციალურ ქსელში 2015 წლის  13 ივნისის ღამე გაიხსენა და აღნიშნა, რომ უფლება არ გვაქვს არ გვახსოვდეს ეს ტრაგედია.

“დღეს 13 ივნისია და არ გვაქვს უფლება, არ გავიხსენოთ ის, რაც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში მოხდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ის დღეები, ჩვენ ადამიანები დავკარგეთ. შესაძლებელია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, შესაძლებელია, რომ რაც დაინგრა აღდგეს, გალამაზდეს, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ. მსგავს ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების სოლიდარობა, ერთობა იმ დღეებში. ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, როგორი იყო თანადგომა და როგორ ვმუშაობდით, ვაკეთებდით იმას, რომ მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ მართლაც საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებ, რომ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ.

მინდა მივმართო მთავრობის წევრებს, გამგებლებს. რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი იყო გამოსული იმისთვის, რომ პრობლემები დროულად აღმოფხვრილიყო. მინდა დაგავალოთ, რომ თუ კიდევ არის დარჩენილი საკითხები, ოჯახები, რომელთაც ამ მიმართულებით პრობლემები აქვთ, გვერდში დაუდგეთ და ყველაფერი დროულად მოაწესრიგოთ”- ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.

იტვირთბა....