ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენმა საქმეებმა წარმოგვაჩინონ“: საგამოძიებო კომისია მუშაობას 13 ივნისიდან დაიწყებს

საგამოძიებო კომისია პირველ რიგში დაზარალებულებს შეხვდება, ხოლო შემდეგ სხდომებზე ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დაიბარებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველი სხდომა 13 ივნისს ჩატარდება, სადაც გამოაქვეყნებენ სხდომების გრაფიკს. კაპანაძის თქმით, მომავალ კვირას სხდომები ყოველ დღე ჩატარდება:

ოთხშაბათსვე გამოვაქვეყნებთ სიას იმ ადამიანებისა, რომლებსაც შემდეგ კვირაში მოუწევთ ახსნა-განმარტებების მიცემა. ჩვენ პირველ რიგში გვექნება შეხვედრები დაზარალებულ მხარესთან, ამის შემდეგ კი გვექნება შეხვედრები როგორც პროკურატურის, ისე შს სამინისტროს თანამშრომლებთან. ჩვენ სავარაუდოდ დავიბარებთ ყველა ადამიანს, ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა და არც ერთი ადამიანი, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან.

მე მიმაჩნია, რომ ყველა საფუძველი არსებობს, რომ კომისიამ მასალების სრულად გაცნობის შემდეგ დადოს ის დასკვნა, რომლითაც ნათელი მოეფინება ყველაფერს. მინდა ყველა სკეპტიკოსს მოვუწოდო – კომისიის მუშაობას ადევნონ თვალყური, თვითონაც შეიტანონ წვლილი თუ შეუძლიათ და არ გამოვიდნენ მარტო ვიწროპარტიული ინტერესებიდან. როგორც იტყვიან – “ჩვენმა საქმეებმა წარმოგვაჩინონ“, – განაცხადა კაპანაძემ.

იტვირთბა....