პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისსა და პანკისში აქციებს აანონსებს. მაჩალიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მან პრემიერთან შეხვედრისას მიიღო დაპირება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა, თუმცა მისი თქმით, პრემიერმა პირობა არ შეასრულა და მისი შვილის მკვლელობაზე არავინ არაფერს ამბობს.
“ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან. ვითხოვთ, აღიაროს სახელმწიფომ დანაშაული, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით, ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები. პანკისში დაიწყება აქციები, როგორც კი ჩაივლის რამადანის თვე “, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდება.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილი რამდენიმე დღის წინ პრემიერს შეხვდა და დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა. მისი თქმით, პასუხისგებაში სპეცოპრეაციის ხელმძღვანელებიც უნდა დაისაჯონ. ის ასევე სუს-ის უფროსის გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.