ხორავას საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებაში არის განცდა, რომ სერგი კაპანაძე და ზაზა სარალიძე დამოუკიდებლად ხვდებიან ერთმანეთს.
“ბატონო სერგი, ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის და პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, გვიწევს, აქ თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალობა იყოს მაქსიმალურად დაცული. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, ამ დღეების განმავლობაში თქვენ ხვდებოდით სარალიძეს დამოუკიდებლად. მე გარკვეული აზრი ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირე, რომ კომისიის თავმჯდომარე შესაძლებელია შეხვდეს. მაინტერესებს თქვენგან ჩანაწერი, თუ არის და თუ შეგვიძლია ჩანაწერს გავეცნოთ.
თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, მოხდება საქმის მასალების გამოთხოვა, ჩავიხედავთ თუ რა ხდება საქმეში, ამის შემდეგ შინაარსთან დაკავშირებით უფრო მეტად შევძლებთ მსჯელობას”, – განაცხადა მდინარაძემ დროებით საგამოზიებო კომისიის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, სადაც უმრავლესობა პარტია “ევროპულ საქართველოს” გააჩნია. კომისიის თავმჯდომარე ამავე პარტიის წარმოამდგენელი სერგი კაპანაძეა.