“ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს და აცხადებს, რომ მისმა იურისტებმა ამისთვის მზადება უკვე დაიწყეს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან შალელაშვილი ივანიშვილის დახმარებით ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. შოთა შალელაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა მის მიმართ რასისტული განცხადებებიც გააკეთა.
“სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი “რუსთავი2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა “აფერისტი რუსი ებრაელი“ მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილი ამას ვაფასებ, როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა, რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ. სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ სამ სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა.
ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ. სამართლებრივ დონეზე, ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი – ჩემმა იურისტებმა დიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება! ეს განცხადება ბუნებრივია გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან! იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა შალელაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ” კვირის აქცენტებში” სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილი მაქინაციურ სქემაშია გახვეული.
სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება. ხოლო ამ თავდასხმაში შაველაშვილის შვილს ადანაშაულებს, რომლიც რუს ჰაკერებთან ერთად მოქმედებდა. თავდასხმის მთავარი მიზანი კი ფულის ჰაკერული გზით მოპარვაა. სააკაშვილი ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზეა, რომელიც მოგვიანებით საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის მეშვეობით ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.