“ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “მეტრონომთან” საუბარში დღევანდელი სასამართლო პროცესი შეფასა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
“ვფიქრობ, გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის და ეს ორი ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ ვხედავთ პრემიერს ბოთლები დაუშინეს, ნიკა გვარამიამ ქალი ცემა და ა.შ. ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ აქვთ, ერთადერთი ბილწისტყვაობა არის მათი დანაშაული, ამისთვის ციხეში არ ჯდებიან. მაქსიმუმ ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯონ.
კარგია ბიჭები, რომ გამოვიდნენ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ. ამ ორი ადამიანის დაცვას გავაგრძელებთ, რა ფორმით ჯერ უცნობია”, – განაცხადა ბრეგაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. კერძოდ, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი გირაოთი გაათავისუფლა.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან „ქართული მარშის“ 2 წევრი ისევ წინასწარ პატიმრობაში დარჩა.
პროცესი 19 ივნისს 12 :00 საათზე განახლდება.
19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2-ის” შენობასთან აქცია გამართეს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. „ქართული მარშის“ წევრებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულ ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.