ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაღალჩინოსანთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს და პრემიერამდე მივიდეს: საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე “ევროპულ საქართველოს” წევრებთან ერთად მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

მესამე სექტორისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით მაღალჩინოსანთა წრე გაფართოვდეს და მათ შორის, პრემიერ-მინისტრამდე მივიდეს.

მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება.

„თეა წულუკიანის საკითხი და პოლიტიკური საკითხი, ეს ცალკე თემა არის და მაგაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ყველასთვის ცნობილია. რამდენი ხანია ჩვენ ვითხოვთ, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ უაღრესად მნიშვნელოვანი არის, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში, ბოლომდე უნდა მიიყვანოს პროკურატურამ და მთავარმა პროკურორმა,“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....